სიახლეები

როგორ ჩამოვტვირთოთ კოვიდ პასპორტი - ინსტრუქცია

ევროკომისიამ ქართული კოვიდპასპორტები აღიარა და შედეგად, 17 ნოემბრიდან საქართველო მიუერთდა კოვიდ – სერტიფიკატების ციფრულ სისტემას, რომელშიც 49 ქვეყანაა ჩართული.

რას შეცვლის ეს მოგზაურობის მსურველებისთვის? აღარ დაგვჭირდება არაფერი კოვიდპასპორტების გარდა, თუ ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელი ვაქცინით ვართ აცრილი? ორჯერ აცრა გვყოფნის თუ ბუსტერ დოზები მაინც გვჭირდება? ჩინური ვაქცინებით აცრილები შევძლებთ ყველგან მოგზაურობას?
ყველა ქვეყანაში გვიმარტივდება წასვლა? თუ ზოგ შემთხვევაში ისევ მოგვიწევს მთელი რიგი დოკუმენტების შეგროვება?

მივდივარ სამოგზაუროდ. რა უნდა ვქნა?

უნდა აიღოთ კოვიდ-პასპორტი, იგივე კოვიდ-სერტიფიკატი.
ეს ის ახალი დოკუმენტია, რომელიც პანდემიამდე არ არსებობდა, ახლა კი ჩვეულებრივი პასპორტის მსგავსად, აუცილებელი საბუთია ქვეყნიდან გასასვლელად.
კოვიდ-პასპორტი არის წიგნაკი, სადაც თავმოყრილია მოქალაქის კოვიდისტორია – ჰქონდა თუ არა კოვიდი, რამდენჯერ აქვს გაკეთებული PCR და სწრაფი ტესტი, კოვიდის საწინააღმდეგო რა ვაქცინა აქვს გაკეთებული და რამდენი დოზა.
მთავარი ინფორმაცია, რაც უნდა გაითვალისწინოთ: თუკი თქვენ 17 ნოემბრამდე უკვე აღებული გაქვთ კოვიდ-პასპორტი, იგი ხელახლა უნდა აიღოთ. 17 ნოემბრიდან დაიწყო საქართველოში ისეთი დოკუმენტების გაცემა, რომლებიც შესაბამისობაშია ევროპულ სისტემასთან. ანუ ძველი კოვიდ-პასპორტები და მათზე დატანილი QR კოდები არ გამოგადგებათ.
იმისთვის, რომ კოვიდპასპორტი აიღოთ, არსებობს ორი გზა:

პირველი: მიდიხართ იუსტიციის სახლში ან მის რომელიმე სერვის ცენტრში და იქ იღებთ დოკუმენტს, რომელზეც არის ვალიდური QR კოდები და ხელმოწერები. კოვიდ-პასპორტის აღება უფასოა. მის ასაღებად წინასწარ ჩაწერა საჭირო არ არის. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ უმეტესად, იუსტიციის სახლშიც და მის ფილიალებშიც, რიგში დგომა მოგიწევთ.
მეორე გზა: ეს არის მობილური აპლიკაცია georgia e-health. ამ აპლიკაციის ჩამოწერა შეუძლიათ მხოლოდ სმარტფონის მფლობელებს როგორც აიფონის, ისე ანდროიდის.

georgia e-health აპლიკაციაში თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და ავტომატურად მოგენიჭებათ ვალიდური QR კოდი. თუკი, ამ ოპერაციას წარმატებით გაართმევთ თავს, მაშინ იუსტიციის სახლში მისვლა საჭირო არ არის. ეს არის თქვენი კოვიდ-პასპორტი.

ხოლო, იმისთვის, რომ თქვენი QR კოდი ევროპულ სისტემას მიუერთოთ და ევროპაში დაუბრკოლებლად იმოგზაუროთ, კიდევ ერთი მარტივი ონლაინ ოპერაციის ჩატარება მოგიწევთ: “დასქრინეთ” თქვენი QR კოდები, რომლებსაც georgia e-health-ის აპლიკაცია გაჩვენებთ. შემდეგ შედით ამ საიტზე : https://www.getcovidpass.eu/?fbclid=IwAR28ymzXK54zeQHecbT_xSPYsEqfRMzlBAf0YUCi9WnaZLc7jOoGJjGHVB8 და ატვირთეთ თქვენი “დასქრინული” QR კოდი.
შემდეგ იგივე აპლიკაციის საშუალებით თქვენი კოვიდპასპორტი შეგიძლიათ apple wallet-ში დაამატოთ:
ამ ფორმით გამოისახება კოვიდ-პასპორტი თქვენს ელექტრონულ საფულეში.
არ შეგაშინოთ იმან, რომ სახელი და გვარი ქართულად წერია – როდესაც უცხო ქვეყანაში გაემგზავრებით, იქაური QR წამკითხველი ამ კოდს ინგლისურად წაიკითხავს.

ბევრისგან მესმის, რომ კოვიდ-პასპორტი აპოსტილით დაამოწმებინეს. ეს მართლა საჭიროა?

პასუხი არის – არა. აპოსტილი საჭირო არ არის და მის გაკეთებაში ფულს და დროს ტყუილად ნუ დახარჯავთ.

კოვიდ პასპორტი თუ მაქვს, თავისუფლად შემიძლია გავემგზავრო სადაც მინდა? ჩინური ვაქცინა ყველგან “ჭრის”?

ნაწილობრივ. კოვიდ-პასპორტი, სადაც წერია, რომ მინიმუმ ორი დოზით ხართ აცრილი, თქვენ ბევრ პრივილეგიას გაძლევთ. თუმცა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ რა ვაქცინაზეა საუბარი.
ევროკავშირის მიერ აღიარებულია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული ვაქცინები: „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონი”. საქართველოში კი ფართო გამოყენებაში ჩინური ვაქცინები “სინოვაკი” და “სინოფარმია”, რომელთაც ჯერ ევროკავშირის აღიარება არ აქვთ.
შესაბამისად, ბევრ ევროპულ ქვეყანაში “სინოფარმის” (და სხვა ჩინური ვაქცინის) ორი დოზით აცრილი მოქალაქე ვერ იმოგზაურებს, თუკი რაიმე გამონაკლის შემთხვევას არ აკმაყოფილებს. ყველა ქვეყანაში სხვადასხვა წესია. მაგალითად, გერმანიაში “სინოფარმით” აცრილი ვერ იმოგზაურებს, მაგრამ ესპანეთში შეუძლია თავისუფლად წავიდეს.
რაც შეეხება “ბუსტერ” დოზებს – “სინოფარმის” ორი დოზა და “ფაიზერის” ერთი დოზა, მაგალითად, გერმანიაში არ გაჭრის – აუცილებელია, რომ ორივე დოზა იყოს ევროკავშირის მიერ აღიარებული ვაქცინების. თანაც, მეორე დოზიდან ორი კვირა უნდა იყოს გასული.
ამიტომ, სანამ მოგზაურობას გადაწყვეტთ, გადაამოწმეთ, ხომ არ ითხოვს კიდევ დამატებით რამეს კონკრეტული ქვეყანა, კოვიდ-პასპორტის გარდა. უნდა გაითვალისწინოთ არა მარტო იმ ქვეყნის წესები, სადაც მიემგზავრებით, არამედ სატრანზიტო ქვეყნისაც. ეს არის ვებ-გვერდი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ თუ რომელ ქვეყანაში რა კოვიდ-წესები მოქმედებს.
გარდა ამისა, შესაძლებელია დარეკოთ მთავრობის ცხელ ხაზზე – 144-ზე, ან, საკონსულოს ცხელ ხაზზე – (+995 32) 2 94 50 50 და ისე ეცადოთ ინფორმაციის გარკვევას.
ასევე, ისიც უნდა გაარკვიოთ, თუ რას ითხოვს ის ავიაკომპანია, რომლითაც მიფრინავთ. ყველა ავიაკომპანიას კოვიდ-უსაფრთხოების თავისი წესები აქვს – მაგალითად, შესაძლოა, ავიაკომპანიამ კოვიდ-პასპორტთან ერთად ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტიც მოითხოვოს.

რა ხდება საქართველოში დაბრუნებისას?


საქართველოს მოქალაქეს ორჯერ ვაქცინირებულს საჰაერო საზღვრის კვეთის დროს არ სჭირდება დამატებით პისიარ ტესტი, უფრო ვრცლად გაეცანით წესებს - საზღვრის კვეთის რეგულაციები


წყარო: JAM NEWS
სიახლეები